„ამ „ჩიხუახუას“ და რაღაცა სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე აქედან ფინია დავუძახო, იმან „ბულდოგი“, იმან „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს ისევ მშიერი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია „ლელო" „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ის რომ შალვა პაპუაშვილის ადგილზე იყოს, საერთოდ გაჩუმდებოდა.
„შალვა პაპუაშვილის ადგილზე საერთოდ გავჩუმდებოდი. კონსტიტუციით არის მეორე პირი ქვეყანაში და ისე შეუცვალეს პრემიერ-მინისტრი, არც იცოდა. „ქართული ოცნება“ ძალიან გაიტაცა - PR-ში ასე ჰქვია - „მკვდარი კატის სტრატეგიამ“. რაღაცას დაახეთქებენ და მერე ამაზე უნდა ვაკეთო კომენტარი. „ჩიხუახუაზე“ კომენტარს არ ჯობია რომ ვილაპარაკო, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილი, როგორ დავამარცხებთ სიღარიბეს, როგორ დავაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ არ ივლიან ბავშვები მშიერი სკოლაში. მე ამაზე მირჩევნია დისკუსია და ამ ჩიხუახუას და რაღაცა სისულელეებს იმიტომ იძახიან, რომ მერე მე აქედან ფინია დავუძახო, იმან „ბულდოგი“, იმან „ავჩარკა“, ატყდეს ერთი ამბავი და ხალხი დარჩეს ისევ მშიერი. არ მინდა არავისთვის არაფრის დაძახება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.