„სალომე ზურაბიშვილის დამცველი თუ ოპოზიცია გახდებოდა, პირდაპირ გეტყვით, ძალიან რთულად წარმომედგინა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია, იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას იცავს.
„რაც არ უნდა მიზეზები ვეძიოთ, ჩვენ, ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველოში ევროინტეგრაცია უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზს ვერ ამოვხსნით. მთავარი საკითხი არის ის, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას, ეს არის ცალსახა და ისე როგორც აქამდე არაერთი ნაბიჯი გადადგა „ქართულმა ოცნებამ“, რათა საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი მოეხდინა, ზუსტად იგივეა ეს. ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასცდეს ევროინტეგრაციის გზას და პირისპირ დარჩეს რუსეთთან, ჩვენი სუვერენიტეტის ჩაბარება მოხდეს რუსეთისთვის. ეს არის მთელი შინაარსი პრეზიდენტის იმპიჩმენტის. დანარჩენი თვითონაც კარგად იციან, რომ იმპიჩმენტი არ გავა. თავიდანვე აღიარეს, რომ ეს პროცესი, რაც დაიწყეს, არის თავიდან ბოლომდე „ფეიკი“ და ეს ყველაფერი შეთხზულია ერთი რამის გამო, საბოტაჟი ევროკავშირში ინტეგრაციის, საბოტაჟი საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის. იმპიჩმენტის პროცედურა წამოწყებულია ერთადერთი რამის გამო - საქართველო ასცდეს ევროინტეგრაციის გზას. სალომე ზურაბიშვილის დამცველი თუ ოპოზიცია გახდებოდა, პირდაპირ გეტყვით, ძალიან რთულად წარმომიდგენია. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს კი არ ვიცავთ, საქართველოს ევროინტეგრაციის გზას ვიცავთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.