„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, ოლიგარქატის ხელწერა, ეს არის პატარა ფეოდალების ხელწერა, რომელთაც უნდათ ხალხის კუთვნილი ფული მოიპარონ ისე, რომ არავინ არ გააპროტესტოს“, - ასე ეხმაურება „ენმ“-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ჩოხატაურში დღეს მომხდარ ძალადობას.
მელიას თქმით, ყველაფერი „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებულია.
„შიშისგან გამოწველი რეაქცია იყო დღეს რაც ვიხილეთ , ჩიგოგიძის ორგანიზებული ჩასაფრება. ადამიანები გადმოვიდნენ მანქანებიდან, უწყინარ ვითარებაში ბუკლეტებით ხელში და ჩასაფრებაში მყოფი ადამიანები თავს დაესხნენ ასე უმოწყალოდ. ფულის საჭრელ მანქანად აქცია სახელმწიფო ივანიშვილმა, საიდანაც ჩიგოგიძე ჭამს ფულს...
რუსულ სახელმწიფოშია ძალადობა ნებადართული და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა მიმდინარეობს ივანიშვილის მიერ და ეს მშენებლობა მას არ უნდა დასცალდეს და არც დასცალდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროპული მომავალი“, - განაცხადა მელიამ.