„სანქციებთან მიმართებაში გადამოწმებულ იქნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოში შემოვიდა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საბაჟო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ არც გემის მფლობელი და არც თავად გემი სანქცირებული არ არის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ ჩვენს განცხადებებში და ჩვენს პოლიტიკაში, თანმიმდევრულობა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებსა და მის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე - ის ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და არის სუფთად პოლიტიზებული აქცია“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.