„საქართველო პრაქტიკულად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ქმედითი და არსებითი სოლიდარობა გამოუცხადოს“, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
ბეჟაშვილის თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენა, საზღვაო გზების გახსნა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება რუსეთის ფედერაციას აძლევს ხელს, რომ საქართველოს დახმარებით სანქციებს გვერდი აუაროს.
„ეს ყველაფერი აღშფოთების საფუძველს იძლევა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! მაშინ, როცა მთელი სამყარო უკრაინისადმი სოლიდარობით არის დაკავებული და მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ეხმარება, ამ ვითარებაში საქართველო რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გამოხატავს.
ბუნებრივია, ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.