უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს მიმართა და აღნიშნა, რომ სეპარატისტები კონფლიქტის ესკალაციისთვის მშვიდობიან მოსახლეობას იყენებენ.
უკრაინული მედიის ცნობით, ვალერი ზალუჟნიმ ვიდეომიმართვა „ფეისბუქით“ გაავრცელა.
„რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები სიტუაციის გამწვავებას აგრძელებენ და მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები.
საოკუპაციო ადმინისტრაციების ლიდერების განცხადებები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო თავდასხმისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ძალის გამოყენების სცენარების თაობაზე, რეალობას არ შეესაბამება.
ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეუთო-ს მიერაა დადასტურებული.
დონბასში თავდასხმითი ოპერაცია გამოიწვევს უამრავ სამოქალაქო მსხვერპლს, ამიტომ ასეთი სცენარები არც განიხილება.
ამ დღეებშიც კი, როდესაც სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევენ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვპასუხობთ, თუ პერსონალის ან მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
პროვოკაციებს არ ვემორჩილებით. არ ვისვრით საცხოვრებელ ადგილებში, სადაც მებრძოლებმა თვიანთი პოზიციები განათავსეს ცინიკურად. მივმართავ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას - ნუ დაუჯერებთ ოკუპანტების ტყუილს.
თქვენ გიყენებენ სიტუაციის ესკალაციისთვის, მორიგი სისხლისღვრისთვის.
ჩვენ ობიექტურად ვერ უარვყოფთ ყველა იმ სიყალბეს, რომელსაც მტრის პროპაგანდა გეომეტრიული პროგრესიით თესავს ამ დაძაბულ დღეებში, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, დაუჯერონ ინფორმაციის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და დაუჯერონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ზალუჟნიმ.