პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს, ამდენი წელი შევალიე ჩემს პროფესიას და ჩემს საქმეს ვეღარ ვასრულებ, - ასე მიმართა „პირველი არხის“ ოპერატორმა, 5 ივლისს დაზარალებულმა ილია თვალიაშვილმა მოსამართლეს.
მანვე მიმართა მოსამართლეს, რომ თუ რომელიმე ბრალდებულს დაუდასტურდა, რასაც პროკურატურა ედავება, უმკაცრესი სასჯელი გამოიყენოს.
„დაპირისპირების შედეგად ბევრი დაზიანებები მქონდა. ერთ-ერთის შედეგია, რომ სათვალე მიკეთია და სამუდამოდ უნდა მეკეთოს ეს სათვალე, დღემდე ვმკურნალობ და მედიკამენტებს ვიღებ იმისთვის, რომ ტკივილები გავიყუჩო. 15 წლის განმავლობაში სამსახურში დაზღვევაც არ მქონია, იმიტომ, რომ არასდროს დამჭირვებია ექიმთან ვიზიტი, არანაირი პრობლემა არ მქონია აქამდე. ფაქტობრივად, სახლში ვარ გამოკეტილი და სამსახურშიც თუ ვარ პრაქტიკანტის მოვალეობას ვასრულებ, პრაქტიკანტსაც არ ასაქმებენ ისე, როგორც მე ვარ დასაქმებული „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, ჩემი საქმე საქმე არ არის. მირჩევნია სახლში ვიყო და საკუთარ თავს მივხედო, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ თავისუფალ დროს გავიდე და მეგობრებთან გავერთო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი“, - მიმართა თვალიაშვილმა მოსამართლეს.