პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა სოციალურ ქსელში სეიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
მან განაცხადა, რომ პოლონეთი სააკაშვილის გვერდით დგას.
„მიღებულ დოკუმენტში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებისა და სამედიცინო რეკომენდაციების იგნორირების გამო, რაც მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რაც საქართველოში შეუძლებელია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ მიეცეს საშუალება, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.
ჩვენ, ასევე, მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს, სოლიდარობისა და პრინციპული მოქმედებისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენთან ვართ!“, - წერს პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა