„ქართული ოცნებიდან“ წასული გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მიწოდება რუსეთთან გაცხადებულ ომს ნიშნავს.
მისი თქმით, ანდრეი კასიანოვის განცხადება ადასტურებს იმას, რასაც „ოცნებას გამიჯნული“ ოთხეული
ამბობდა, რომ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში არის ძალები, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციის ხელით არეულობა, შემდეგ კი მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
„კასიანოვის განცხადებამ „ჯაველინების“ და ზოგადად, სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ დიახ, იყო აშშ-ის მხრიდან თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ იარაღი უკრაინას უნდა მიაწოდოს. ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება, რას ნიშნავს. ტექნიკური თვალსაზრისით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან უკრაინას იარაღს მთელი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აწვდიან და საქართველომ რა იარაღი უნდა მიაწოდოს, რომ ეს რაიმე დახმარება იყოს?!
ეს ნიშნავს იმას, რისგანაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იკავებს თავს რუსეთის წინაშე საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მით უფრო, რომ არცერთი, არა თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში არ იმყოფება, რა მდგომარეობაშიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე დგას და კარგად ვიცით, რას ნიშნავს სხვადასხვა მიმართულებით ქართული სამხედრო ჯარების გადაადგილება, არამც თუ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა. ეს არის გაცხადებული ომი რუსეთის ფედერაციასთან“, - ამბობს მაჭარაშვილი