„რელიგიურ ცხოვრებაში ისევ გამოსჭვივის საბჭოთა სისტემის კვალი“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოეთის მახასიათებელმა ტენდენციებმა საზოგადოების მენტალობაში იჩინა თავი.
„საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ მრავალმა სირთულემ, მათ შორის, საბჭოეთის მახასიათებელმა ტენდენციებმა, იჩინა თავი და ეს აშკარად იგრძნობა, უპირველესად კი - ჩვენი საზოგადოების მენტალობაში; ამ მხრივ, გამონაკლისი თითქმის არც კი არსებობს; სამწუხაროდ, ადამიანების თვით რელიგიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაშიც კი გამოსჭვივის გარდასული (და, თითქოსდა, დაშლილი!) სისტემისა და იდეოლოგიის კვალი, რაც უკიდურესად გვიძნელებს ისედაც ძნელი გზის გავლას დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობისკენ, შებოჭილობიდან თავისუფლებისკენ, უპიროვნო მასაში ჩაკარგული ადამიანიდან პიროვნულობისკენ.
ვფიქრობ რა ჩვენს დღევანდელობაზე, დღემუდამ სულ ეს კითხვა წამოტივტივდება და მაწუხებს: რა არის ის სენი, რომელიც შეგვეყარა და მისგან ვერასგზით ვერ განვიკურნეთ - განსაკუთრებით ამ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში?
ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების დღემდე „უკურნებელ სენად“ იქცა ერთმანეთის გაუტანლობა, შური, ერთი სიტყვით, ის, რაც დიდმა ილიამ თავის ერთ-ერთ საპროგრამო ლექსში, „ბედნიერი ერი“ რომ უწოდა, ასე ზუსტად აღწერა - „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“. თუკი ეს მავნე სენი არ დავძლიეთ, თუკი ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრში პიროვნება არ დავაფასეთ, თუკი მოყვასი ვერ შევიყვარეთ და მტრის მტრულ მცდელობებს პასუხი არ გავეცით, მაშინ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით მომავლის საზოგადოებად“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.