„უკრაინაში ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც იქ საქართველოს იცავენ“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისი თქმით, ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი.
„უპირველესად გავიხსენოთ უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის მსხვერპლია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომელთა ღაღადისი ზეცას სწვდება; და კიდევ ბევრად მეტია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი; განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ სამხედროები, რომლებიც იცავენ მშობლიურ მიწა-წყალს და საკუთარ სახელმწიფოებრიობას, საკუთარ ოჯახებს და შვილების მომავალს. ამ მებრძოლთა შორის ასეულობით ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც უკრაინაში (და ეს შეიძლება ცალსახად ითქვას!) საქართველოს იცავენ!
ღმერთმა დალოცოს სამშობლოს დამცველნი და ბრძოლის ველზე დაცემულნი, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულნი მამულიშვილნი ჩვენნი!“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.