„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი, ეს არის ფაქტი, აქსიომა, რასაც მტკიცება არ სჭირდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უნდა შეეგუოს ბიძინა ივანიშვილი იმას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო.
„დღეს, 2023 წელს საქართველო იმყოფება ისტორიულ, მორალურ და ფასეულობით გზაგასაყარზე. სურათი უსაშველოდ გაფართოვდა. ამ გაფართოებულ სურათში ძალიან ცხადად გამოჩნდა ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს ჩვენი მოქმედებით, ჩვენი უმოქმედობით ყველანი ვაკეთებთ არჩევანს, არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულს თუ ევროპულ მომავალს შორის. არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლესა თუ სიკვდილს შორის, ეს დილემა დადგა და ბუნებრივია, დღევანდელი დღე ისტორიულია. ჩემი შეფასებით, არ ვაჭარბებ, როდესაც ამას ვამბობ იმიტომ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ მახსოვს, როცა მსოფლიოს მასშტაბით სოლიდარობის აქცია იმართება საერთაშორისო დონეზე, ამ აქციას უერთდება საქართველოც. ეს არის ნათელი დადასტურება, რამხელა მხარდაჭერა აქვს ქართულ საზოგადოებას. დიახ, ხაზს ვუსვამ, ქართულ საზოგადოებას, რადგან პირველ რიგში, საზოგადოება საქმის კურსშია დღეს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ მომავალთან“, - განაცხადა მელიამ.