„ჩვენ დადასტურებულად ვიცით კლინიკიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან და თუ არ თანამშრომლობს პაციენტი ექიმთან, თავისთავად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ექიმების მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა და სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიზანია, ის რაც შეიძლება დაუძლურდეს.
„ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირ სასოწარკვეთილი დამოკიდებულება კლინიკისგან, რომ ფაქტია, ექიმებისა, მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანი ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმების მიზანია, ის იყოს ჯანმრთელი, სახელმწიფოს მიზანიც ეს არის, რომ ის იყოს, რაც შეიძლება ჯანმრთელი, რომ დარჩენილი ხუთი წელი მოიხადოს. მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ რაღაც საბაბი შეიქმნას.
ვნახეთ ბევრი ტყუილი უკვე ამ საქმეში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადვოკატები და მისი წარმომადგენლები დილით ამბობენ, რომ ის მოწამლეს, საღამოს ამბობენ, რომ არა, არ მოწამლეს. მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილი წერილს წერს რუს ბლოგერს, რომ ის პუტინის დავალებით მოწამლეს, იმავე დღეს მისი ოჯახის წევრი ამბობს, რომ არა, არ მოწამლეს, ეს ხომ აჩვენებს, რამდენად სანდოა მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის პოზიციები. ტყუილის სამყაროში ცდილობენ, რომ გვამყოფონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.