„ხვალ არის მიხეილ სააკაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, მნიშვნელოვანია ყველა ამ პროცესზე იყოს კონცენტრირებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტში მე-7 დღეა შიმშილობს.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით, მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„თქვენ ხედავთ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ბოლო დღეების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასა და მისი სიცოცხლის გადარჩენას ითხოვენ. მინდა ყველა ამ ადამიანს გადავუხადო მადლობა. მჯერა, რომ ჰუმანიზმი, კეთილგონიერება და სიკეთე გაიმარჯვებს სისასტიკესა და ბოროტებაზე. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი. მნიშვნელოვანია ყველა ამ სასამართლო პროცესზე იყოს კონცენტრირებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ გაიწელოს, რადგან თითოეული დღე არის დაკარგული პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვღელავ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებიც ჩემთან ერთად შიმშილობენ. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ძალიან პრინციპულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გვესმის ის სირთულე, რომელიც ამ პროცესს ახლავს თან, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი იმდენად, რომ ეს იყოს მთავარი თემა. ჩვენ ვაგრძელებთ შიმშილობას, აგვიღეს ანალიზები და, ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურადაა“, - განაცხადა წითლიძემ.
მან მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეც მიულოცა.
„ვულოცავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაბადების დღეს. ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო და ვუთხრა - იცოცხლე პრეზიდენტო!“, - აღნიშნა წითლიძემ.