„დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია“, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას.
კახა კალაძემ დედაქალაქში საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„გელოდებათ „ფლეშ მობი“ და საახალწლო კონცერტი, დრამერები, ქუჩის თეატრის მსახიობები დაუვიწყარ სანახაობას შექმნიან. 23 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება აღნიშნული ღონისძიებები. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრი პატარა ელოდება თოვლის ბაბუას მობრძანებას, ახლაც გზაშია. 23 დეკემბერს, 19:00 საათზე შემოგვიერთდება და ბინას დაიდებს საშობაო სოფელში. დარწმუნებული ვარ, თოვლის ბაბუას დიდი სტუმრიანობა ექნება ამ სადღესასწაულო დღეებში. ასე რომ, გელოდებით ყველას ორბელიანის მოედანზე. დღესასწაული არის იქ, სადაც ერთობა, მშვიდობა და სიყვარულია. ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა ჩვენ ქალაქში. 19:00 საათზე მობრძანდება თოვლის ბაბუა და ამის შემდეგ გაიმართება კონცერტი. 23 დეკემბრიდან ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა საახალწლო სოფელში ნახონ სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, თეატრალური წარმოდგენები. რა თქმა უნდა, ყოველ საღამოს სხვადასხვა ტიპის კონცერტები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები“, - განაცხადა კახა კალაძემ.