„ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში არის „გაჩხერილი“ ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქვეყანა, ვისაც უხარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, გარდა პუტინის რუსეთისა.
„ჰააგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ცხადია, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და პუტინისა. საზოგადოებამ ნახა, რომ 2020 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი ჰააგაში ჩავიდა, ჩაიყვანა იურისტების ჯგუფი და 2020 წელსაც იცავდა რიგითებს, ოფიცრებს, ქართულ არმიას, ბოლომდე ამტკიცებდა, რომ თუ ვინმე არის ტერორისტი და ოკუპანტი, ეს არის პუტინი, რაც ახლა უკვე ჰააგამაც დაადასტურა. მინდა მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს. ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ის ისტორიას ვერ გადაწერს. პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობის უფლებას ქართველი ხალხი არ მისცემს. მე ვიქნები ყველგან, სადაც რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ იქნება აქცია, იქნება ბრძოლა. ქართველმა ხალხმა მარტივი ჭეშმარიტება უნდა გაიგოს: ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში არის "გაჩხერილი" ბიძინა ივანიშვილი. ამ კარებიდან უნდა გავაპანღუროთ რუსი ოლიგარქი იმისთვის, რომ ცივილიზებული სამყაროს წევრები გავხდეთ, მათ შორის გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე. მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქვეყანა, ვისაც უხარია სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, გარდა პუტინის რუსეთისა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.