ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდოდა სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე ეხილათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ

ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდოდა სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე ეხილათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ

17-12-2022, 20:44 - 2022
452
       

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის პასუხი „10 წლის განმავლობაში პრორუსული, ანტიქართული დეზინფორმაციის, რომელსაც მოღალატეობრივი, „ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აწარმოებდა“.
 
ვაშაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება, რომელსაც „კობახიძეები და მისი დამქაშები“ ქართველი მხარის წინააღმდეგ წარადგენდნენ, გაქარწყლდა.
 
10 წელი „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, 10 წელი ადანაშაულებდნენ წინა ხელისუფლებას, რომ მათ განახორციელეს უკანონო ქმედებები, 10 წელი ეს ადამიანები მიზანმიმართულად მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მიუხედავად ამისა, სამართლიანობამ იზეიმა. სასამართლოშიც არ წარდგენილა საქმეები ქართულ მხარესთან მიმართებით, რატომ? -იმიტომ, რომ მტკიცებულება იოტისოდენაც არ არსებობს, რომ რაიმე დანაშაული მიუძღვის ჩვენს მხარეს. წარედგინა ბრალი რუსეთის მხარეს და მათ მარიონეტულ რეჟიმს, მაგრამ მთავარი - ვთქვათ, რა უნდოდა ამ 10 წლის განმავლობაში ,,ქართულ ოცნებას"?! - მათ უნდოდათ მიხეილ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალზე ეხილათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. მიზანმიმართულად, დანაშაულებრივად იმოქმედეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით - აქ რომ პატრიოტი ხელისუფლება ყოფილიყო, ეს ბრალი ჰააგის ტრიბუნალზე წარდგენილი იქნებოდა მედვედევი-პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ, ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ წარდგენილი რომ არ არის, სწორედ ეს არის ღალატი „ქართული ოცნების“ მხრიდან.
 
ასე რომ, ეს არის პასუხი 10 წლის განმავლობაში პრორუსული, ანტიქართული დეზინფორმაციის, რომელსაც აწარმოებდა მოღალატეობრივი ,,ქართული ოცნება" ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. პირველი: ომი დაიწყო რუსეთმა; მეორე: დამნაშავე არის რუსეთი და მისი მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმი აბსოლუტურად ყველაფერში და ყველა ბრალდება, რომელსაც ეს მოღალატეები, კობახიძეები და მისი, ასე ვთქვათ, დამქაშები წარადგენენ ქართველი მხარის წინააღმდეგ, გაქარწყლდა და დამთავრდა პრორუსული ძალის, პრორუსი ინტერესების სპეკულაცია საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, მათ იხილეს რუსეთის წარმომადგენლები ჰააგის ტრიბუნალზე და უფრო მეტიც, როგორც კი მათ შევცვლით, გავაგრძელებთ ამ საქმეს და აგერ მე და აგერ თქვენ, პუტინი და მედვედევი წარდგებიან 2008 წლის ომის გამო ჰააგის ტრიბუნალზე
“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები