„ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.
როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, მინისტრი სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავეა.
„მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ის ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის და გამოძიების კითხვებს, არათუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას რეალურად „ნაცარს აყრიდეს“. მას ჰყოფნის თავხედობა აქ მოვიდეს. თქვენც, ჩემო კოლეგებო, დადგებით და მოუსმენთ ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის პირდაპირი დამნაშავე! ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა. ეს ადამიანი არ უნდა იყოს აქ, პროკურატურაში უნდა იყოს და იქ პასუხობდეს კითხვებს, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას მასთან აქვს. ამიტომ, დაფიქრდით თითოეული თქვენგანი. ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „ სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“, - აღნიშნა დეკანოიძემ.