„ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“.
„სრული ანომალიაა, ასე არასდროს ხდება, რაც აჩვენებს პარადოქსულ ვითარებას, რომელიც ამ დოკუმენტის გარშემოა შექმნილი. როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა. ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც კორუფციას უკავშირდებოდა და ეს დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში. ეს არის სერიოზული პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სერიოზულად შეხედოს პრობლემას, რომელიც ამ ინსტიტუტში იკვეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.