„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომას დადებითად აფასებს.
ის აცხადებს, რომ პოლიტიკური საბჭოს ზოგიერთმა წევრმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეიცვალეს.
„მოხარული ვარ, რომ იმ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, რომლებიც დღემდე სხვა პოზიციაზე იყვნენ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულება შეიცვალეს. მათ ეს რიტორიკაში ეტყობათ, მივესალმები კიდეც. კარგი იქნებოდა, რომ ეს აქამდე მოგვეხერხებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვფიქრობ, უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშეა პარტია ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, თუნდაც თვენახევრის წინ. 9 ნოემბერი არის ის თარიღი, როდესაც გაკეთდა განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მაგრამ წარსულში წიაღსვლას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია რა მოხდა დღეს და რა მოხდება ხვალ. ამიტომ, ჩემი შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკური საბჭოს ხდომა დადებითი იყო“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, არა მხოლოდ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, არამედ ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად განიხილებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი.
„ხვალინდელი დღიდან კიდევ უფრო მაღალი ტემპით უკვე კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება მთლიანად პარტიის მხრიდან. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანის თარიღი არის მნიშვნელოვანი. მანამდე არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართება. გულშემატკივრები, მხარდამჭერები სასამართლო პროცესზე შევიკრიბებით“, - განაცხადა მელიამ.