„პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ერთი წლის განმავლობაში, ალბათ, დაახლოებით, 10-12-ჯერ იდგა და ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მადლობა ღმერთს, ცოცხალი და ჯანმრთელია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურ სისტემას აქვს პასუხისმგებლობა, რომ პატიმარი იყოს ცოცხალი და ჯანმრთელი.
„მე ვიცი ის, რომ ამ პასუხისმგებლობის ქვეშ პენიტენციური არ დაუშვებს, რომ მისი „გულგრილი“ დამოკიდებულების გამო, პატიმრის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს.
რაც შეეხება დაავადებებს, რომელთა შემთხვევაში სასჯელის გადავადება ხდება, ეს არის უმძიმესი დაავადებები და მე არცერთ დასკვნაში მსგავსი მძიმე დაავადების შესახებ არ წამიკითხავს.
მახსოვს „ემპათიას“ დასკვნა თვეების წინ და ბოლო წუთებს ვითვლიდით, მადლობა ღმერთს, მათი დასკვნა არ გამართლდა. მჯერა, რომ არც ახლა გამართლდება, იმიტომ, რომ პირველ რიგში, პენიტენციური სისტემის ინტერესშია მას პატიმარი არ გარდაეცვალოს. ექიმები რომ ასეთ საფრთხეებს ხედავდნენ, ისინი გააკეთებდნენ მკაფიო განცხადებას, რომ ეს ადამიანი შეუძლებელია ჩვენ პირობებში მკურნალობის კურსს გადიოდეს და გვიშველეთ, სადმე გაიყვანეთო. პირველი, ვისაც პრობლემა შეექმნება, ეს არის პენიტენციური სისტემა და პენიტენციური სისტემა, რატომ წავა ამ რისკზე?.
რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკური შემადგენლის მქონეა, ვინაიდან, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პოლიტიკური რეზონანსიც. ჯვარი წერია, რამე მოუვიდეს, ეს არავის ინტერესში არ არის და პირველ რიგში, არ არის სახელმწიფოს ინტერესში, რომ პატიმარი მოუკვდეს, მათ შორის, პატიმარი სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური შემადგენელი ექნება. ჯვარი გვწერია, ეს არ მინდა რომ მოხდეს და არავის უნდა, მაგრამ რომელიმე პატიმარს რამე რომ დაუშავდეს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს და რაღაცა პასუხისმგებლობა დადგება. პოლიტიკური მდგენელით თუ დადგა ეს პასუხისმგებლობა, გავარჩევთ. ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს“, - აცხადებს დავითულიანი.