„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებები არის ღია მტკიცებულება, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია.
როგორც მან კლინიკა „ვივამედში“, სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სასამართლოს ნაცვლად გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“ იღებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ღია მტკიცებულება. პირველი მტკიცებულება მაშინ იყო, როდესაც მან თქვა, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, სასჯელს დაუმატებენ. მეორე პირდაპირი მითითება და დირექტივა ეს იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმაზე საუბრობდნენ, რომ სასამართლოს გადაეწყვიტა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ახლა აღმოჩნდა, რომ სასამართლო კი არა, ღარიბაშვილი წყვეტს, ანუ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. რასაკვირველია, ეს მტკიცებულებები არის ყველაფერი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ იმის განაცხადი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია მიხეილ სააკაშვილი. გარდა ამისა, ვფიქრობ, მიუხედავად მისი განცხადებებისა, მიუხედავად ზიზღის შემცველი ენისა, რომელსაც უმრავლესობის წარმომადგენლები იყენებენ და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის უფლებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო“, - განაცხადა დეკანოიძემ.