ხოშტარია - საქართველოს ყველა მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია სახელმწიფო

ხოშტარია - საქართველოს ყველა მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია სახელმწიფო

8-12-2022, 14:29 - 2022
392
       

„საქართველოს ყველა მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია სახელმწიფო“, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

ხოშტარიას თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ტყუილებს ამბობს.

„ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანია, ვეძებოთ ერთიანი გამოსავალი, ერთიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არა მხოლოდ. როგორც მინიმუმ ამ საკითხში უნდა ვიდგეთ ერთად. უბრალოდ ისტორია არ გვაპატიებს, რომ რაღაც უბედურება მოხდეს. შესაბამისად, მსჯელობა გვექნება საერთო სამოქმედო გეგმაზე. გვაქვს მოსაზრებები, რა უნდა გაკეთდეს. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცინიზმის, სისასტიკის, კანონდარღვევის პიკშია. ისინი იტყუებიან, აიძულებენ ექიმებს, რომ მოიტყუონ, რაც ცუდად გამოსდით და ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ. ჩვენთვის საკმარისი არაა, რომ ვიღაცის ბრალეულობა ვეძებოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ და საშუალება არ მივცეთ, შეიწირონ ადამიანი.

პრეზიდენტი კვდება და ვალდებულები ვართ, დავილაპარაკოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. ეს არავინ აღიქვას, რომ ერთობის იდეას „ვქაჩავთ“ სადმე, ან ვიღაცა ვიღაცას სადმე გადმოქაჩავს. შეუძლებელია ცალ-ცალკე მივაღწიოთ რამეს. შეუძლებელია ცალ-ცალკე დავუპირისპირდეთ ამხელა მონსტრს, რომელიც დაღუპულ გმირებს აყენებს შეურაცხყოფას, ქვეყნის ინტერესებს ღალატობს, ადამიანის სიკვდილზე აგდებით საუბრობს, ამიტომ ეს ყველაფერი არის საერთო მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი.

მგონია, რომ შეუძლებელია ეს საკითხი გარე და შიდა ზეწოლის გარეშე გადაწყდეს. უნდა ვიფიქროთ ერთიან, მძლავრი ზეწოლის ფორმებზე. ხვალ სასამართლო იქნება და შევხედავთ, როგორ წავა პროცესი. ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ვერ გაიწელება უსასრულოდ. ვნახოთ, მიხეილ სააკაშვილს ანახებენ თუ არა საზოგადოებას. მალავენ ადამიანს. მალავენ, რადგან იციან, რომ მისი დანახვა რეაქციას გამოიწვევს. ასევე პრეზიდენტის ფაქტორია, რადგან მასაც აქვს ხელში ინსტრუმენტი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები