საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრიანული მხარე შეშფოთებულია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.
კასიანოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დააყენებს.
„პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კასიანოვმა.