ელისაშვილი: ღარიბაშვილს არავინ სთხოვს იომოს, მაგრამ ვინც ომობს, იმას მაინც ნუ აყენებს შეურაცხყოფას

ელისაშვილი: ღარიბაშვილს არავინ სთხოვს იომოს, მაგრამ ვინც ომობს, იმას მაინც ნუ აყენებს შეურაცხყოფას
5-12-2022, 23:33 - 2022
390

„ირაკლი ღარიბაშვილმა [სამძიმარს] სამარცხვინო ტექსტი მოაყოლა, ღარიბაშვილი პოლიტიკური ლიდერი ვერაფრით გახდა“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.


ელისაშვილის თქმით, დაღუპული მეომრების სამძიმრის შესახებ პრემიერ-მინისტრს აქამდე „ორი წინადადება“ მაინც უნდა დაეწერა, თუმცა, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „სიმხდალეშია გადასული“.

„არგაღიზიანება გასაგებია, მაგრამ სილაჩრესა და სიმხდალეშია უკვე „ქართული ოცნება“ გადასული. არგაღიზიანება მესმის, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა გეჭიროს? - ღირსება.

ამიტომ უნდა ჩავბარდეთ? - სამჯერ კი არა, სამიათასი წელია ვიბრძვით და ამიტომ რა ვქნათ ახლა, გადავყაროთ იარაღი და ვინც მოგვადგება, ყველას ჩავბარდეთ? - რა უნდა ეწყინოს და რით უნდა გააღიზიანო რუსეთი? იმით, რომ შენი ბიჭები მოგიკლეს და მათზე დარდი თქვა? - სამი წინადადება დაწერე, ამას ხომ არაფერი ამბავი არ მოჰყვებოდა, ველოდებოდი! დიახ, ამ დროს უნდა გამოაცხადო გლოვის დღე, რად უნდა ამას შეგონება და პოლიტიკის თეორიის სწავლა.

მაგრად უპასუხა არჩილ ხოფერიამ. მისი პასუხი არის ყველაზე მაგარი პასუხი, რომ შენი და სხვისი წასაყვანი რა მჭირდაო. ღარიბაშვილმა სამარცხვინო ტექსტი მოაყოლა. ღარიბაშვილი პოლიტიკური ლიდერი ვერაფრით ვერ გახდა. რაღაც დაბოღმილი აქტივისტის [როლიდან] ვერ გამოვიდა. რაზე ვლაპარაკობთ, ექვსი ქართველი მოკვდა. არავის არავინ მიჰყავს, იქ ყველა გულით მიჰყავს, ყველამ ვინც იქ არის წასული იცის, რომ იქ არის საერთო მტერი.

ჩავიდეს თვითონ, შეხვდეს ზელენსკის და გადაიღოს სელფი. ღარიბაშვილს არავინ სთხოვს, რომ აიღოს იარაღი, ჩავიდეს და იომოს, მაგრამ ვინც იქ ომობს, იმას მაინც ნუ აყენებს შეურაცხყოფას. დაბოღმილი აქტივისტის როლიდან ოდესღაც ხომ უნდა გამოვიდეს. მეორედ არის პრემიერ-მინისტრი, არ შეიძლება ასე ლაპარაკი. თან როგორი ფონია - ექვსი ბიჭი არის დაუმარხავი, აქედან ხუთი ისევ მტრის ხელშია.

სამი დღე რომ გატრუნული ხარ... შაბათ - კვირა დასვენება იყო და ღარიბაშვილს არ ეცალა? ხომ დაწერა სალომე ზურაბიშვილმა, თან ძალიან არეულ-დარეული ქართულით დაწერა, მრავლობითი და მხოლობითი ერთმანეთში ჰქონდა არეული, მაგრამ ხომ იყო გულის წუხილი, სამძიმარი?“, - განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა