„სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა ხელისუფლების მხრიდან“,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
სენატორმა იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს იმ რეფორმებს ან წარმატებას მაინც მიაღწევს მათი შესრულების გზაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.
„ამერიკას და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ბედი, ჰქონდეთ დემოკრატია, შეუერთდნენ დანარჩენ ევროპას და ნატო-ს. მახსოვს წლების განმავლობაში საქართველოში ვიზიტები, როცა ქართველები ავღანეთში გვეხმარებოდნენ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს ურთიერთობა და გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა [დემოკრატიიდან] ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ისინი წავახალისოთ. მათ აქვთ ვალდებულება აღებული, რომ სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ამისთვის ევროკავშირმა მათ სთხოვა, გაატარონ გარკვეული რეფორმები, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასადგომად. იმედია ისინი ამას გააკეთებენ, გადახედავენ ზოგიერთ ამ რეფორმას და შეძლებენ მათ შესრულებას... ან პროგრესის მიღწევას მაინც.
ჩვენ ვცდილობთ რეგულარულად შევაფასოთ ჩვენი პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ნებისმიერ რეგიონში, მთელ მსოფლიოში. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დემოკრატიზაციისკენ სვლა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.