„მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, ერთადერთი ხსნა არის სასჯელის გადავადება“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.
გიორგი სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით ათი დღის წინ ნახა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.
„გავიხსენოთ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი, არ არის პრობლემა, ჩამოვიყვანოთ ექიმები, ადგილზეც მოხდეს მისი მკურნალობა...მაშინ, რატომ დადიან თვითონ საზღვარგარეთ, თუ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ე.ი. იქ უკეთესი პირობებია, იქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასება მოხდება. [უცხოელი ექიმის ჩამოყვანა] არ იქნება საკმარისი, ვინაიდან, მაშინ მთლიანად უნდა გამოიცვალოს კლინიკა, უცებ რომ დასჭირდეთ დამატებითი კვლევები, აპარატურა, დროში გაწელილი პროცესია. ყოველდღიური მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი დღე შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ვხედავთ, რომ დღითიდღე მისი მდგომარეობა მძიმდება. უკვე დილით რომ ვიღვიძებ, შეგრძნება მაქვს, ჩემი მეგობარი ან ადვოკატი, რაღაც ცუდს [მეტყვის]. დღეს მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდება, ნამდვილად ფატალური შედეგით დასრულდება.
როცა კლინიკა „ვივამედში“ მიშა სააკაშვილის გადაყვანა მოდა, თავისი ფეხით შევიდა, დღეს გადაადგილების უნარი არ გააჩნია, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. ძირითადად წევს, ან ზის, როცა მისი ნახვა მიხდება, რაც ძალიან რთული საყურებელია.
ძალიან რთული მოსასმენია, უკვე 79 კილოგრამამდე არის დასული, 118 კილოგრამი იყო, როცა ჩამოვიდა. ამას ხომ აქვს მიზეზები, ეს არ არის ის, რომ მმართველი პარტია ამბობს, ოთხ კედელში არ შეუძლია ყოფნაო, ვერ დავეთანხმები ნამდვილად. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოში შუამდგომლობა მოხდეს და მიიღონ გადაწყვეტილება. მე მაინც მჯერა სასამართლოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილებების, ვინაიდან, საუბარია პირველ რიგში, საქართველოს შვილზე, ამავდროულად საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მშენებლობაში.
ადგილზე რომ ნახონ მიშას მდგომარეობა, რომელიც დარწმუნებული ვარ არ უნახავთ, (შეიძლება, კადრებს უყურებენ) თუნდაც რომ შევიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაშია, დარწმუნდებიან, რა მძიმე მდგომარეობაშია.
ჩამოვიდა, მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია, რასაც ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დადიოდა თითოეულ ქალაქში, დღე და ღამე მუშაობდა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე უფრო შთამბეჭდავად წარმოჩენილი, დღეს იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და რაზე ვსაუბრობთ, გადარჩება, თუ არ გადარჩება. ჩვენ ვართ ყველა თანამონაწილეები, რომ ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.