"მთავრობაში რომ ვიყო, 5 წელში საქართველოს ამომავალ ვარსკვლავად გავხდიდი", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს ემიგრანტები.
"ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, დაახლოებით 5 წელიწადში საქართველოს არა მარტო რეგიონის, არამედ აი ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად გავხდიდი. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. საქართველო იქნება ადგილი და დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება, სადაც ჩვენს ემიგრანტებს სასწრაფოდ დაბრუნებისა და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი გაუჩნდებათ. იმიტომ, რომ მე სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ დიდ ენერგიასა და პოტენციალს.
საქართველო იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები თავმოყრილი იქნება და ყველა ნიჭიერი ადამიანი, როგორც ჩვენი მოქალაქე, ასევე უცხოელი, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად აქ ჩამოვა. ეს ეხება IT სფეროსა და სხვადასხვა ინოვაციურ, ტექნოლოგიურ მიმართულებას. საქართველო ნამდვილი კვანძი გახდება მისიით, რადგან, პირველ რიგში მისია უნდა დავიბრუნოთ და ქვეყნის ეს მისია და ფუნქცია უნდა იყოს, რომ საქართველოს გარეშე სამეზობლოსა და რეგიონში არაფერი მნიშვნელოვანი არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ხაზარაძემ.