„ფიქრი მიდის იმაზე, აგრესიული როგორ ჩაანაცვლონ უფრო აგრესიულით და უფრო კონტროლირებადი ადამიანით“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მიმდინარე პროცესმა გამოაჩინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია.
„ამ პროცესებმა ცალსახად გამოაჩინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია. დღეს, როდესაც ამ ერთმა კაცმა დაკარგა ლიდერობა, მან ძალიან ცუდი მაგალითი მისცა თავის მეგობრებს და ლიდერებს. მან აჩვენა, რომ ის არ არის რეალური ლიდერი იმიტომ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, პასუხისმგებლობას ვერ ატარებს და ამბობს, რომ როგორმე გამიყვანეთ აქედან, მაშინ როდესაც მისი მეგობრები და თანამებრძოლები სასამართლოს გადაწყვეტილებით რამდენიმე წელი იყვნენ პატიმრობაში და არც ერთს ასეთი რამე არ გაუკეთებია. შესაბამისად, როგორც კი დაკარგა აბსოლუტური კონტროლი, თუმცა რაღაც კონტროლს ინარჩუნებს გარკვეული მექანიზმებით, პარტიის შიგნით დაიწყო გადანაწილება არალეგალური ფულის, ტელევიზიებზე გავლენის და პარტიული თანამდებობების. და მეორე, მოთხოვნა გაჩნდა იმაზე, რომ თუ აქამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა აგრესიული ლიდერი, რომელიც ახტებოდა ცესკოს ღობეს, რომელიც პარლამენტს უტევდა ძალისმიერად და ხალხს მოუწოდებდა, რომ შევვარდეთო, ამბობდა, რომ კანონს არ შევასრულებ, არც გირაოს გადავიხდი, არაფერს არ გავაკეთებო და ბოლოს ყველაფერი გააკეთა, დღეს ამ ადამიანის გათავისუფლების სპეცოპერაციას ატარებენ სხვები, ოღონდ ატარებენ ისინი, ვისაც სჯერა, რომ ამაზე უფრო აგრესიული ლიდერშიფი სჭირდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.