„ბრიუსელში რომ ჩახვედით და დახურულ შეხვედრაზე გითხრეს, დაანებეთ თავი ომზე საუბარს და ნუ გვადანაშაულებთ სიცრუეში, პირდაპირ რომ გითხრეს, სიტყვა Shut up- მოკეტეთ, რატომ აგრძელებთ იგივე რიტორიკას?“, - ამ კითხვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
დეპუტატმა სხდომაზე ისაუბრა არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გასვლაზე, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
„თუ ასეთი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს, ამბობთ, ომის საფრთხე არისო და ჯარისკაცს ღირსეული ხელფასი არ უნდა ჰქონდეს? შეიძლება თქვენი ყავის მომდუღებელზე უფრო ნაკლები ხელფასი ჰქონდეს სერჟანტს და ლეიტენანტს? პოლიციიდან რატომ გარბიან პოლიციის მუშაკები? 2003-12 წლებში პოლიციელთა ხელფასი 10-ჯერ გაიზარდა, მაინტერესებს, რამდენით გაზარდეთ 10 წლის განმავლობაში? 200-300 ლარით! დღეს რომ თქვენ არ იყოთ ხელისუფლებაში, 5 000-8 000 ლარი იქნებოდა ხელფასი.
არასდროს მისცემენ იმ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს, რომელიც საკუთარ პრეზიდენტს, რომელიც ფაქტობრივად, ჯანმრთელობის ისეთ პრობლემას უქმნის, რომ ციხეში კლავს. თქვენ გგონიათ, რომ ვინმე ტაშს დაგიკრავთ ამ ადამიანს თუ ციხეში მოკლავთ? მიხეილ სააკაშვილზე მაქვს საუბარი. არ მოგვცემენ სტატუსს იქამდე, ვიდრე ფუნდამენტური რეალური რეფორმები არ იქნება ამ ქვეყანაში. ევროკავშირი - ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. სანამ დემოკრატიის მიმართულებით ცოტა მაინც არ მივუახლოვდებით ევროკავშირს, სანამ გაქვთ ის სასამართლო, რომელსაც არც ინვესტორი ენდობა და არც არავინ, საქართველოს არ უწერია ევროპული მომავალი. აი, ამას ეწინააღმდეგებით თქვენ. მე, თქვენ ადგილას არ გამეცინებოდა იმიტომ, რომ მე, ჩემი შვილების, შვილიშვილების, ჩემი ისტორიული წარსულის და აწმყოს წინაშე მართალი ვარ.
თქვენ აუცილებლად მოგკითხავენ პასუხს იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რასაც ახლა ჩადიხართ. აქ იყავით მაისში მოსული და გითხარით გზა, როგორ შეიძლებოდა დეპოლარიზაციას რომ გაიძახით, იქითკენ წავსულიყავით. გეკითხებით, რატომ თქვით უარი, რატომ არავის შესთავაზეთ რეალური ქმედითი რეფორმები? ბრიუსელში რომ ჩახვედით და იმ დახურულ შეხვედრაზე გითხრეს, დაანებეთ თავი ომზე საუბარს და ნუ გვადანაშაულებთ სიცრუეში, პირდაპირ რომ გითხრეს, სიტყვა Shut up- მოკეტეთ, რატომ აგრძელებთ იგივე რიტორიკას? ამ პირობებში გინდათ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? ან იმ ევროპაში, რა გინდათ, რომელზეც თქვენივე განცხადებაში ამბობთ, რომ თურმე სიმბოლურია კანდიდატის სტატუსი, ასე ფიქრობთ?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.