„ამბობთ, საქართველოში თურმე არ არსებობს ოლიგარქიული მმართველობა, ბატონო ირაკლი, ვინ დაგნიშნათ თანამდებობაზე ან ვინ გაგათავისუფლებთ ამ თანამდებობიდან?“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მისი თქმით, მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკური დევნის მსხვერპლია ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„გუშინ და გუშინწინ გადაუარეთ ამერიკის კონგრესს და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეთ ამერიკის კონგრესის წევრები ეს ყველამ ვნახეთ. ნუთუ მთელი მსოფლიო შეთქმულებას ეწევა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რატომ გელანდებათ ყველგან მტრები, რატომ არის ამერიკა და ევროპა თქვენი მოწინააღმდეგე? ნუთუ ერთი ლობისტი მაინც არ გყავთ, რომ ამერიკის კონგრესში ერთი მხარდამჭერი მაინც იპოვოთ ან მოისყიდოთ? 7 მილიარდი რომ აქვს იმ კაცს ერთი ასი მილიონი მაინც დახარჯოს, რომ ვინმე მხარდამჭერი მაინც გაგიჩნდეთ. ერთი ადამიანი ვერ მოძებნეთ მთელ ევროპა-ამერიკაში იმისათვის, რომ ერთი სიტყვა შეგაწიოთ? თქვენ, ბატონო ირაკლი და „ქართული ოცნება“ მართავთ საქართველოს პარლამენტს, გაქვთ უმრავლესობა და თქვენი განცხადებით ისე გამოგყავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ უმრავლესობა ჰყავს კონგრესშიც და ევროპარლამენტშიც. თუ მთელ მსოფლიოში უმრავლესობა გვყავს, წადით და გაგვაკეთებინეთ საქმე, რაც ერთხელ გაგვიკეთებია. იზოლირებული ხართ, ამიტომაც გელანდებათ ყველგან შეთქმულებები და მტრები.
ბატონო ირაკლი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა, რატომ გახდა მაჩანჩალა? მართლაც, სად იყო მოლდოვა, რომელსაც თქვენ აღნიშნავდით ან რომელიმე სხვა ქვეყანა საქართველოსთან შედარებით? რომ გიკვირთ, უკრაინამ თურმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიიღო, რომ საომარ მდგომარეობაშია. მოლდოვამ იმიტომ მიიღო, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მეზობლად მდებარეობს. საქართველოს ტერიტორიის 20% ხომ ოკუპირებულია? მაშინ, ოკუპირებულ ქვეყანას რატომ არ მისცეს სტატუსი, თუკი ოკუპაციასთან და ომთან არის ეს დაკავშირებული?“, - განაცხადა გოცირიძემ.