„საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ის, რასაც ახლა ვხედავთ, ძლიერ გვაშფოთებს, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა .
მისი განცხადებით, მნიშნელოვანი ფაქტორი, რითაც საქართველო ყურადღებას იქცევს, არის რომ ქართველების 85% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
„აშშ მხარს უჭერს საქართველოს და ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამ პროგრესზე დაყრდნობით ჩვენ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ის, რასაც ახლა ვხედავთ ძლიერ გვაშფოთებს, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში.
მე ვიყავი საქართველოში იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ კვირაში ევროპული საბჭოსგან მოვიდა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა ევროპული პერსპექტივა, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და ეს ძალიან ემოციური იყო საქართველოში. მქონდა ლანჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებსაც თვალზე ცრემლები ჰქონდათ, რადგან საქართველო, როგორც იცით იყო ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ის, რაც საქართველოზე ჩემს ყურადღებას იქცევს, არის რომ ქართველების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვფიქრობ, ეს ახდენს ზეწოლას მთავრობაზე. ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ ვუერთდებით ევროკავშირის იმ რეფორმების სიას, რომლის გატარებისკენაც ევროკავშირი მოგიწოდებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ თქვენ განახორციელებთ ამ რეფორმებს და ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს ეს პროგრესი არ არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და სურს უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის აშშ-სთან ურთიერთობებზე და მის დემოკრატიაზე.
ასე, რომ მჯერა, რომ ჩვენი უწყვეტი ჩართულობა და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.