ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით - რეგულაციები მკაცრდება

ცივი იარაღის ტარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით - რეგულაციები მკაცრდება
17-11-2022, 16:51 - 2022
443

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომლითაც ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.
 
ცვლილების თანახმად: 

ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, აგრეთვე, სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება ცივი იარაღის კონფისკაცია.

ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში.
 
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში იზრდება სასჯელი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით:

„სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილისთვის, სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთისა. ასევე, მკაცრდება პასუხისმგებლობა ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისათვის - ამ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე ვადით იქნება დაწესებული“.

ცვლილება შედის ცივი იარაღის ტარების განმარტებაშიც:

ცივი იარაღის ტარებად ჩაითვლება აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ცივ იარაღს ფლობს იმგვარად, რომ შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ცვლილებები ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზმა გამოიწვია, კერძოდ, უწყების ცნობით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამოვლინდა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტების მნიშვნელოვან ნაწილში დანაშაულის ჩადენის იარაღს წარმოადგენდა ცივი იარაღი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა