„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, „ენმ“-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, ნიკა მელიას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს.
„ერთმანეთის მტრები არ ვართ, თანამებრძოლები ვართ. როდესაც ვითხოვთ ახალ შიდა არჩევნებს, ეს მიმართულია პარტიის გაძლიერებაზე, შიდა დემოკრატიის გაძლიერებაზე და იმაზე, რომ ჩვენს გულგატეხილ მხარდამჭერებს მოვუსმინოთ. სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომების გამო არიან გულგატეხილნი და იმედგაცრუებულები. დაგროვდა პრობლემები, რომელსაც გადატვირთვა სჭირდება. დღეს პარტიას სჭირდება გადატვირთვა. მნიშვნელოვანი ამ ბრძოლიდან გამოვიდეთ გაძლიერებულნი, რათა გადავდგათ ნაბიჯები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მიზნით და საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
როდესაც ვსაუბრობთ შიდა პარტიულ არჩევნებზე ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გავძლიერდეთ და „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა გავხდეთ. ამიტომ, ნურავინ ეცდება პროცესები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, სისუსტედ და დაპირისპირებად წარმოაჩინოს. უნდა ჩატარდეს არჩევნები, რადგან ლეგიტიმაციის პრობლემა არსებობს. ის, ვინც თავმჯდომარეა სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ამომრჩევლები იმედგაცრუებულები არიან.
14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, მიშას მხარდასაჭერად შეიკრიბა 65 ათასზე მეტი ადამიანი, ნახევარ საათში გაუშვა ამდენი ადამიანი სახლში ისე, რომ ერთი უწყინარი ულტიმატუმი არ წაუყენა ხელისუფლებას. ამ კონკრეტული მიტინგის დაშლა იყო შეცდომა. ამის გარდა, ბევრი შეცდომა იყო და არ ვაპირებ შიდა ამბები გარეთ გამოვიტანო.
შევხედოთ IRI-ის კვლევებს, მანამდე NDI- ის კვლევებს, ჩვენ წინ წავედით?! არ წავედით და ვერ წავედით. ამ რეიტინგებითაც კი არის საფუძველი იმისა, რომ გადავახარისხოთ პოლიტსაბჭო და გადავახარისხოთ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობა.
უნდა ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები. პირადად მე, რომელიც 2003 წლიდან ვარ ამ პარტიის მხარდამჭერი, მზად ვარ ახალ ლეგიტიმაციის მქონე ლიდერს ხელი ჩამოვართვა და მასთან ერთად ვიბრძოლო. ნიკა მელიამ ამ მომენტიდან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ის უნდა გადადგეს და მოუსმინოს ამომრჩეველს“, - განაცხადა კაპანაძემ.