„ამ ხელისუფლებამ არც თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელის ანუ სააკაშვილის ფასი იცის, არც ხალხის და არც ქართული სახელმწიფოებრიობის“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ვითომ უნდათ სტატუსი და განზრახ იქცევიან ზუსტად ისე, როგორც იქცევა რუსული მმართველობის ხელისუფლება. ეს არის ის, რასაც მიანიშნებენ - არ უნდათ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, იმიტომ, რომ სტატუსის მიღების შემთხვევაში, მათ ძალაუნებურად მოუწევთ კანონის იმ ჩარჩოებში ყოფნა, რასაც დასავლეთი ითხოვს. შესაბამისად, გამოკვეთილად ნიშანს აძლევენ, პირდაპირ მესიჯს აგზავნიან დასავლეთთან, შეურაცხყოფენ ყველაფერს, ისე აკეთებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. ისინი არ აპირებენ ამ 12 პუნქტის შესრულებას. დეკლარირებენ თითქოს უნდათ დემოკრატია და ისე იქცევიან, როგორც მოიქცეოდა პუტინის მსახური, რადგან ისინი მართლაც რუსული ხელისუფლების მსახურნი არიან. რაც უფრო დროულად მიხვდებით, რომ მოვიცილოთ ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უპირებს ჩატოვოს პუტინის მმართველობის სივრცეში, მით უფრო ამოისუნთქავს საქართველო“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.