„გაერთიანების როგორი ფორმულაც არ უნდა იყოს, როგორი ახალი ველოსიპედის გამოგონებასაც არ უნდა ეცადონ, რადიკალურ სპექტრს არაფერი ეშველება“,- ასე ეხმიანება ოპოზიციის ერთიანობაზე „ლელოს“ ხედვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
მისი თქმით, ელექტორალური მხარდაჭერისთვის მთავარია პარტიების პოლიტიკური ხედვების სიჯანსაღე, რასაც ოპოზიციაში ვერ ხედავს.
„გაერთიანების რაიმე ფორმულაზე საუბარი ალბათ, ზედმეტია, აქ საუბარია მსოფლმხედველობის და პოლიტიკური ხედვების სიჯანსაღეზე, რასაც ოპოზიციაში ვერ ვხედავთ, ალბათ, 2024 წლის არჩევნები იქნება კარგი ინდიკატორი იმის, თუ რა მარგინალურ შინაარსსაც მოიცავს თავის თავში დღევანდელი ოპოზიცია. ქართული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციური კუთხით საჭიროებს გაჯანსაღებას, ეს ცხადზე ცხადია, სუბიქტურად შეიძლება გვაწყობდეს, რაც უფრო მარგინალური იქნება ოპოზიცია, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ქულები დავიწეროთ, მაგრამ არ ვიქნებით ეგოისტები. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ გზაზე ჯანსაღი პოლიტიკური ძალები არსებობდნენ, ვისთანაც თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. ამიტომ ეს ფორმულა იქნება თუ ის, რა ახალი ველოსიპედის გამოგონებასაც არ უნდა ეცადონ, დღევანდელ რადიკალურ სპექტრს არაფერი ეშველება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.