„ის, რომ შეიძლება ჩვენ დღეს სუსტები ვჩანდეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლის ველიდან უნდა გავიქცეთ“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგია, რომ ოპოზიციამ მუდმივად ისაუბროს პარლამენტის დატოვებაზე.
„სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკელები“ და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში გვაქვს სრულიად განსხვავებული პოზიციები. მე და დამოუკიდებელ დეპუტატებს, ტარიელ ნაკაიძეს, თეონა აქუბარდიას, გვაქვს მიდგომა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართული საპარლამენტო მუშაობაში და იმ შემთხვევაში თუ აქციები გაიმართება, ჩვენ ამაში ჩავერთვებით, რადგან ესეც არის ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლება გამოვაფხიზლოთ. ჩვენი პარტნიორები, გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა პოზიციაზე არიან და თვლიან, რომ აზრი არ აქვს პარლამენტში მუშაობის გაძლიერებას. როდესაც მე ვხვდებოდი სპიკერს, რომელთანაც მქონდა საუბარი სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, როგორ აგვერჩია მაგალითად ომბუდსმენი, ის ამბობდა, რომ ეს პროცესი არის ფარსი. მე ამაში კატეგორიულად არ ვეთანხმები გიორგი ვაშაძეს. მას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, როცა ჩვენ პარლამენტში ვმუშაობთ, ისევ შემოტანა თემის, რომ გავიდეთ პარლამენტიდან, მგონია, რომ არის უპასუხისმგებლო, მგონია, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ ოპოზიციამ მუდმივად ისაუბროს პარლამენტის დატოვებაზე, მანდატების დატოვებაზე და ამით აშანტაჟოს უკვე ამომრჩეველი იმიტომ, რომ ჩვენ ვუთხარით ჩვენს ამომრჩეველს, საზოგადოებას, რომ ჩვენ შევედით პარლამენტში და ვმუშაობთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.