„12 პუნქტის შესრულებას დღის სინათლე არ უწერია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ წევრებს სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი და არა ოლიგარქი.
„ჩემი დაკვირვებით, არ არიან ჩამოყალიბებულები, რომ მიიღონ თუნდაც ის კანონი, რომელიც უკრაინელებისგან აქვთ გადმოტანილი, რაც ჩვენს რეალურ კონტექსტს არ ერგება.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი სათვალავშიც კი არ თვლის, როგორც ოლიგარქს, ეს გაცხადებულია. ბუნებრივია, მათ მართლაც სჯერათ, ან უნდათ დაიჯერონ, რომ იგი არის მეცენატი და არა ოლიგარქი. იქ, სადაც „ქართული ოცნების“ სახით პარლამენტში უმრავლესობაა, ბუნებრივია, ისინი ამ ეტაპზე ცივ ნიავსაც არ გააკარებენ ამ თვალსაზრისით.
ჩვენი კოლეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტრასბურგში ინფორმირებულები არიან, რომ 12 პუნქტიდან არცერთი პუნქტის შესრულებას არ აპირებენ. არცერთი საერთაშორისო პარტნიორის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. 12 პუნქტის შესრულებას დღის სინათლე არ უწერია, ეს არის გამორიცხული რუსული ოლიგარქიული მმართველობის პირობებში.
ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი. ოლიგარქი, რომელსაც აქვს არა უდიდესი გავლენა „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებზე, არამედ თავიდან ბოლომდე კონტროლი. მთელმა ცივილურმა სამყარომ იცის, განსაკუთრებულად, ყველა ქომაგმა ჩვენი ქვეყნის, რომ ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბარიერია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნავს მელია.