„სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ - ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
როგორც თალაკვაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის არჩევნების წინ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონსულტაციები გაიმართება და პოლიტიკური ველი მნიშვნელოვანწილად გადახალისდება.
„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს. კარგად ხვდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. კარგად ხვდებიან, რომ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ სამომავლო გეგმა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ არიან. ეს (პრაიმერისი) არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, რომ ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.