დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.
„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან - ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება. წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.