„თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ჩვენი მომავლისთის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რეგიონი ძლიერი იყოს, თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად.
„თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ჩვენი მომავლისთვის. თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები. ეს ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო! რეგიონების მიმართ მეტი ყურადღება - ეს პირველივე დღიდან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ყურადღება არ არის საკმარისი.
იმისთვის, რომ რეგიონი იყოს ძლიერი - თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გაკეთებული, მაგრამ რაც მთავარია, რეგიონი პრაქტიკაში უნდა იყოს თვითმმართველი, მუნიციპალიტეტი უნდა იყოს თვითმმართველი, რაც რამოდენიმე წინაპირობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ვერ დავუბრუნდებით ჩვენს ტრადიციულ წყობას.
საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები (მაშინ თვითმმართველი არ ერქვა) იყვნენ ძლიერები და იყვნენ ერთად. ეს ერთობა, თვითმმართველობა და მათი დამოუკიდებლობა ჩვენი ნიშაა. ჩვენ სახელმწიფოს ეს მოწყობა საბჭოთა წყობამ დაარღვია, გადაგვიყვანა ულტრაცენტრალიზებულ წყობაზე და ამით მოსპო ის, რაც ჩვენი ძლიერების საფუძვლებს წამოადგენდა, რასაც უთუოდ უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ გვაქვს ამისი საწყისი მიმართულებები: მივიღეთ ,,თვითმმართველობის კოდექსი“, თუმცა ყველაფერი ჯერ არ არის შესრულებული; მივიღეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელსაც სჭირდება განხორციელება სამი მთავარი მიმართულებით - ფინანსებით იწყება და მთავრდება ყველაფერი, თუ არ იქნება შემოსავლების ახლებური გადანაწილება, არ იქნება არც თვითმმართველობა, რადგან მას არ ექნება საკუთარი გადაწყვეტილებების განხორციელების რესურსი. ამიტომ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ. ბევრ ქვეყანაში არსებობს იმის მაგალითი, როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსები იმისთვის, რომ რეალური გახდეს თითმმართველობის ძალა და საშუალება.
მეორე, თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის საკითხია, რომელიც ასევე წერია ახალ კოდექსში, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რაც მუნიციპალიტეტების ძალისა და ახალი შესაძლებლობის ერთ-ერთი საფუძველია.
და მესამე, გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის საკითხია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც დაწყებულია, რამოდენიმე მუნიპალიტეტში ეს პრაქტიკა უკვე შემოტანილია. ზოგ ადგილას ძალიან მცირე მასშტაბით, ზოგან ცოტა უფრო სერიოზულად, მაგრამ ეს ჯერ მაინც მოიცავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, როგორიცაა სკვერი, ქანდაკება და აშ. ეს არ არის პროცესებში მოქალაქის ბოლომდე ჩართულობა, რომელიც თვითმმართველობის ნამდვილი პარტნიორი გახდა. ამისკენ წასასვლელად გადასადგმელი ნაბიჯები ყველას ჩართულობას მოითხოვს. ასე რომ, საქმე ბევრია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.