„ვინც ოპოზიციაში ჩვენს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, როგორც ჩანს, მათ საკუთარი პარტიის წევრების იმედი არა აქვთ“, - აღნიშნული განცხადება „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში გააკეთა.
როგორც იოსელიანი განმარტავს, მათი გადაწყვეტილებით ყველა კანდიდატს მიეცემა პარლამენტის წინაშე წარდგომისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის საშუალება.
„ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ პარლამენტს სახალხო დამცველის 19-ვე კანდიდატს წარვუდგენდით და 19-ვე კანდიდატს ექნება საშუალება მოვიდეს პარლამენტში, თავისი აზრი გამოხატოს, მიიღოს კომიტეტის მოსმენაში მონაწილეობა და დაარწმუნოს პარლამენტის წევრები, რომ მხარდაჭერა მოიპოვონ. ეს არის ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე დემოკრატიული პროცესი, რაც კი შეიძლება ამ ადამიანების მიმართ პარლამენტში შედგეს. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესის მხარდამჭერები ვართ.
რაც შეეხება სკეპტიციზმს და ჩემი კოლეგების კრიტიკას, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია მათ ვუთხრა, როგორც ჩანს, მათ საკუთარ პარტიაში არ აქვთ იმედი, რომ “ქართული ოცნების“ კანდიდატს ვიღაც მხარს არ დაუჭერს. სხვა შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება წინააღმდეგი იყო ყველას მიეცეს შანსი, თანაბარ პირობებში თავისი ხედვები წარუდგინოს პარლამენტს. ჩვენ არავის მიმართ მხარდაჭერა არ გამოგვიხატავს, ჩვენ ყველას მივეცით საშუალება, რომ ესაუბროს საზოგადოებას და ესაუბროს პარლამენტის წევრებს, ამის შანსი მივეცით ყველას და ამის კრიტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიებს საკუთარი წევრების, საკუთარი დეპუტატების იმედი არა აქვთ. სხვა შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა შეიძლება იყოს ამ კრიტიკის მიზეზი. “ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმები რომ ჰქონდეს, მაშინ კრიტიკას მივიღებდი, მაგრამ რადგან მათ საკმარისი ხმები არ აქვს და ვიღაცამ უნდა შეუვსოს ოპოზიციიდან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.