„ცოტა თავი მოთოკონ ამ ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა, ეს ბოდვა საიდან მოიტანეს?!“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ „მოქალაქეების“ მიერ ომბუდსმენის პოსტზე 19-ვე კანდიდატის წარდგენა, შეიძლება „ქართული ოცნებისთვის" ხელშემწყობი იყოს, რათა საკუთარი კანდიდატი გაიყვანონ.
„რას ჰქვია „ქართული ოცნების“ კანდიდატია (მათ შორის)? ქართული ოცნება ვერ წარადგენს თვითონ კანდიდატს?! დავუშვათ 19- ვე „ქართული ოცნების“ კანდიდატია, მერე?! - მთავარი კანდიდატების წარდგენა კი არ არის, კენჭისყრა და მხარდაჭერაა. ყველაზე კარგი, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ პროცესში, არის რეგლამენტში ცვლილება, რომ კენჭისყრა გახდა ღია, ხომ დავინახავთ ვინ მისცემს ხმას და ვინ არა? აქამდე (ცვლილებებამდე) იქნებოდა ეს ნაბიჯი საშიში. ჯერ ერთი, ვინ არის ეს „ოცნების“ კანდიდატი, მეც მაინტერესებს. თუ ვინმეზე გვეტყვით, რომ „ოცნების“ კანდიდატია, ხმას არ მივცემ პერსონალურად მას, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ძალიან კარგი კანდიდატი იყოს, არ ვიცი. ეს ბოდვა ოპოზიციაში საიდან მოიტანეს?! რაღაცას განსხვავებულად თუ იტყვი, არიქა... რა შუაშია „ოცნება“? ბოდვაა და ცოტა თავი მოთოკონ ამ ჩემმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ან ჩაიხედონ რაღაცაში. თვითონ რასაც ამბობენ, ეს სრული ჭეშმარიტება რატომ არის? კენჭისყრაა მთავარი. თუ თავისივე პარტიის წევრების ეშინიათ, რომ ჩუმად შეიძლება ხმა მისცენ („ქართული ოცნების“) კანდიდატს? - ამაშია საქმე“, - განაცხადა ელისაშვილმა.