მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი - ჩართულ შადრევანში ხელით შევხებივარ წყალს

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი - ჩართულ შადრევანში ხელით შევხებივარ წყალს

16-10-2022, 15:40 - 2022
630
       

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის თქმით, ის თავად მონაწილეობდა ვაკის პარკის შადრევნის მექანიკურ გასწორებაში.
 
მერიის წარმომადგენლის თქმით, ვაკის პარკის შადრევნის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, ყველა მიღება-ჩაბარების აქტს  ექსპერტიზა ჩაუტარდა აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ასევე, ლაბორატორიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობა გაეწია.
 
მე პირადად ამ კონკრეტულ შადრევანზე, ჩართულ შადრევანზე მიღებული მაქვს მონაწილეობა მექანიკურად გასწორებაში, ხელით შევხებივარ წყალსაც და ასე შემდეგ. არანაირი პრობლემა, არც დენის, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არ არსებობდა.
 
პირადად მე სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი ვაგო. ყველა დოკუმენტაცია, რაც ამ ტენდერს ეხება, არის საჯარო. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება. დღეის მდგომარეობით, შვიდი ეტაპი გვაქვს გავლილი. ექვსი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია. ყველა მიღება-ჩაბარების აქტს, რაც მერიაშია წარმოდგენილი, ექსპერტიზა ჩაუტარდა, ასევე, ტექნიკური ზედამხედველობა აქვს გაწეული ლაბორატორიის მიერ.
 
როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა სამუშაო პროექტის შესაბამისად განხორციელდა. ეს შადრევანიც რეგულარულად მოწმდებოდა, გამართულად მუშაობდა თუ არა. არცერთ დღეს, არცერთ ეტაპზე მას ექსპლუატაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ ჰქონია
“, - განაცხადა გიგაშვილმა.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

13 ოქტომბერს კი სამი მცირეწლოვანი ბავშვი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას კლინიკაში მიყვანამდე გული გაუჩერდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები