დღეს ტელეკომპანია მთავარი არხის გადამღებმა ჯგუფმა გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც სჩანს, რომ ენგურის ხიდის გავლით სოხუმში რუსული ეკლესიის გუმბათი გადააქვთ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გუმბათი უძველესი ტაძრის, კამანის მამათა მონასტრის გადასახურად მიაქვთ, თუმცა ქართული მხარესთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა.
საქმის კურსში არ არის არც საპატრიარქო. არავინ იცის, როგორ და ვინ მიიღო გადაწყვეტილება მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წმინდა ადგილზე, სადაც იოანე ოქროპირის საფლავი იყო, უძველესი მონასტრისთვის იერსახე შეეცვალა და ქართული ტაძარი რუსული ეკლესიის გუმბათით გადაეხურა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს, ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია ყურაშვილი მონაზვნებთან ერთად აფხაზებმა სასტიკად აწამეს და დახვრიტეს. კამანის მონასტერს ახლა რუსული წარწერები აქვს და რუსი მამები მართავენ.