„ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბელარუსის ელჩისგან განმარტების მოლოდინშია.
„რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც ძალიან მკვეთრი, დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის ელჩი დაიბარა, მოსთხოვა მას განმარტება და ახლა სამინისტრო ამ განმარტების მოლოდინშია. ეს ნაბიჯი, ეს ჩასვლა, თავისთავად, არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რაც საქართველოსა და ბელარუსს შორისაა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ბელარუსი საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს დაუბრუნდება და ამ განმარტების ფარგლებში ვნახავთ, რომ განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი.
ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი არ იქნას გადაკვეთილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.