ჭადრაკის რუსი დიდოსტატი, განახლების დემოკრატიული ინიცატივისა და ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარე, გარი კასპაროვი და პროფესორი მაიკლ მაკფოლი, აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი The Washington Post-ზე წერილს აქვეყნებენ.
ისინი წერენ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, თუ გააგრძელევს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომის მხარდაჭერას, სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
კასპაროვისა და მაკფოლის აზრით, სანქცირებული უნდა იყოს ყველა პირი, ვინც უკრაინაში პუტინის ომს მხარს უჭერს, თუნდაც ირიბად ან პასიურად.
„სანქციები ჯერაც არა დაწესებული ათასობით რუსი ოფიციალური პირისთვის, პარტიის ლიდერებისთვის, რეგიონალური მთავრობების მეთაურებისთვის, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბიზნესების საბჭოს წევრებისთვის, პროპაგანდისტებისთვისა და ომის მხარდამჭერი ცნობადი სახეებისთვის. დროა ისინი [სანქცირებულთა] სიაში დავამატოთ. პირებმა მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც პუტინს ეხმარებიან, როგორიცაა ყოფილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ასევე უნდა იცოდნენ, რომ სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ. ნებისმიერმა პირმა, რომელიც, თუნდაც არაპირდაპირად ან პასიურად, მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, საზღაური უნდა გადაიხადოს.
დემოკრატიულმა მთავრობებმა მეტი ზეწოლა უნდა განახორციელონ თავიანთ კომპანიებზე, რომლებსაც რუსეთი ჯერ არ დაუტოვებიათ. უცხოური ბიზნესები, რომლებიც პუტინის საომარ მანქანას ეხმარებიან, თუნდაც მხოლოდ გადასახადების გადახდით, სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საქართველო და ყაზახეთი, რომლებიც ახლა არსებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, უნდა აიძულონ მიმდინარე კონტრაბანდის ოპერაციების შეწყვეტა“, - წერენ მაკფოლი და კასპაროვი.