„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კომიტეტებში სამუშაო დონეზე ერთიანობას მივაღწიოთ“ , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ 12 პუნქტის შესრულების ხედვა ჯერ კიდევ 17 ივნისს წარმოადგინეს და ერთობლივი მუშაობა შესთავაზეს, თუმცა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ერთობლივ მუშაობაზე სურვილი არ გამოხატა.
„სამწუხაროა, რომ არცერთმა გამოხატა სურვილი, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ერთად გვემუშავა, რაც ადასტურებს, რომ პოლარიზაცია ორივეს ინტერესშია და მისი გადალახვით არცერთია დაინტერესებული.
მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად ორივე ფორმატში ვიმუშავეთ და კომიტეტებში მუშაობას გავაგრძელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კომიტეტებში სამუშაო დონეზე ერთიანობას მივაღწიოთ, ერთსაც და მეორესაც ავუხსნათ და ვაიძულოთ კომპრომისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ დრომდე არ დგამს არსებით ნაბიჯებს 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად. მისი სტრატეგია მიზნად არ ისახავს ერთი ადამიანის ხელში უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟს და ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შენარჩუნებას.
„ოცნებამ“ შესანიშნავად იცის, რომ ცალკე აღებული ეს ნაკლოვანი წესი შედეგს ვერ მოიტანს, დეოლიგარქიზაციისკენ მიმართული სხვა ცვლილებების - სუს-ის და სასამართლოს დეპოლიტიზირების, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და სხვა ცვლილებების გარეშე. სამწუხაროდ, „ოცნების“ ეს ცვლილება, ოპოზიციის ცალკეული ნაწილის მხრიდან, პირადი ინტერესით ვაჭრობის საგანი გახდა.
ოპოზიციის ნაწილი, რომელიც გვადანაშაულებს იმაში, რომ „ოცნების“ მაშველი რგოლი ვართ, 12 პუნქტის რეალური შესრულებისთვის ბრძოლის გამო, ხელისუფლების მაშველ რგოლად თავად იქცა, დაიწყო რა პარლამენტში ადგილებისთვის ვაჭრობა.
პარტია „საქართველოსთვის“ მიუღებელია ვაჭრობა მსგავს და სხვა საკითხებზე, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დეოლიგარქიზაციისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
შესაბამისად, მიზნის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:
კომიტეტებში მუშაობა გაგრძელდეს ერთიან ფორმატში;
ორივე მხარემ შეცვალოს სტრატეგია და პირად ინტერესზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესი - ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება და ოპოზიციამ - პირადი ინტერესებით საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება.
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო კომიტეტებში 12 პუნქტის რეალურად შესასრულებლად მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. ამავდროულად, მხარს დავუჭერთ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ იმ ინიციატივებს, რაც რეალურ ცვლილებამდე და ევროპულ მომავლამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.