„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
მისი თქმით, ახლა პროდასავლური ოპოზიცია ასრულებს იმ სამუშაოებს, რაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„ევროკომისიის რეკომენდაციაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ამ ტიპის მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. სწორედ აქედან გამომდინარეა ის რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ოლიგარქიული მმართველობა, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, გათავისუფლდეს სასამართლო, ყველაფერი ეს წინააღმდეგია იმისა, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა. ამიტომ, ცხადია, „ქართული ოცნების“ დღევანდელი მმართველობის პირობებში საქართველოს სამწუხაროდ, არანაირი შანსი არ აქვს გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია ვალდებული ვართ, რომ შევიმუშაოთ ყველა ამ რეკომენდაციასთან მიმართებაში ჩვენი ხედვა, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება იმ მოლოდინებთან, რაც აქვს ევროკავშირს, ამიტომ ახლა პროდასავლური ოპოზიცია და კერძოდ, საპარლამენტო ოპოზიცია ასრულებს იმ სამუშაოს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს მკაფიო ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ სწრაფად მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ძალიან სწრაფად, სამიდან ექვს თვემდე, როდესაც ქვეყანას ეყოლება კოალიციური დემოკრატიული მმართველობა და არ ექნება ასეთი ავტოკრატიული ტიპის ერთპარტიული ჰეგემონია, რაც დღეს არის ქვეყანაში“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.