„არანაირი „ცხელი შემოდგომა“ არ იქნება - არაფერი მოხდება“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც იოსელიანმა განაცხადა, პატარა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას ელოდებიან.
„რაც შეეხება „ცხელ შემოდგომას”, რეალურად რასთან გვაქვს საქმე - პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალიზმით გამოირჩევიან დღეს, სინამდვილეში ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას და უნდათ, ამ მომენტისთვის იყვნენ ფორმაში, რომ მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ, ამაზეა გათვლილი ყველა გზავნილი და რადიკალიზმი. ამას რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
არანაირი „ცხელი შემოდგომა“ არ იქნება, უბრალოდ, ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით. უნდათ, ამ დროისთვის, მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ იმ რადიკალური დღის წესრიგით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის მისაღებია.
ამისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა და არა სხვა რამისთვის, რადგან რამდენიმე პატარა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.